logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

უძრავი ქონების ფასის ზრდა უარყოფითი მოვლენა არ არის – "არსის" გენერალური დირექტორი

უძრავი ქონების ფასის ზრდა არ არის უარყოფითი მოვლენა - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქვეყნის უძრავი ქონების სექტორზე დადებითად აისახება და გაზრდის ინტერესს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ.

„ზოგადად, უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპის დროს. უძრავი ქონება ზოგადად, გამოხატავს ქვეყნის განვითარებას. ყველას აქვს კითხვა - რომ უძრავი ქონების ფასი როდემდე უნდა გაიზარდოს. მისი გაზრდა არ არის ისეთივე უარყოფითი, როგორიც სამომხმარებლო საქონელზე, საწვავზე, პროდუქტებზე. უძრავი ქონების ფასის ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ სტატუსის მინიჭების შემდეგ განსხვავებულ ფასებს მივიღებთ ზრდის კუთხით. ჯერ განვითარებადი ქვეყანა ვართ, ეს გაიარა ბევრმა ქვეყანამ“ - აცხადებს ბესო ორთოიძე.

მისივე თქმით, ისტორიაც მოწმობს, რომ ევროკავშირში შესვლამ უძრავი ქონების ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა, რადგან ასეთი ქვეყნის მიმართ ინტერესი იზრდება.

„ინტერესი ეხება უძრავ ქონებას და როდესაც ინტერესი და მოთხოვნა იზრდება, რა თქმა უნდა, გაიზრდება უძრავი ქონების ფასები. ისევე, როგორც გაიზრდება ხარისხობრივი მაჩვენებელი, რომელზე მუშაობაც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ - მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ. ამის შემდეგ ჩვენ თითქმის ყოველწლიურად ახალ რეგულაციას ვიღებთ, რაც ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას“ - ამბობს ბესო ორთოიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

გამოგვყევით