თიბისი ჯგუფის წევრი ფინტექ კომპანია Flitt პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Mastercard-ის Network Enablement Partner (NEP) პროგრამის ოფიციალური ლიცენზია მოიპოვა.
NEP პროგრამა Mastercard-ის გლობალური ინიციატივაა, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს საშუალებას აძლევს, გახდნენ კომპანიის პირდაპირი პარტნიორები. NEP სტატუსის მქონე ფინტექ კომპანიებს აღარ სჭირდებათ მესამე მხარე Mastercard-ის ეკოსისტემაში ჩასართავად, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ინოვაციური პროდუქტების განვითარებას, ამცირებს ბაზრების ათვისების დროს და ზრდის საოპერაციო ეფექტურობას.
პროგრამა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:
- განათლება და მხარდაჭერა (Education & Support Solutions) - ტრენინგები, ტექნიკური დახმარება და მხარდაჭერა, რაც პარტნიორებს სხვადასხვა ტიპის გამოწვევების დაძლევაში ეხმარებათ;
- ოპერაციული გადაწყვეტები (Operational Excellence Solutions) - წვდომა Mastercard-ის მოწინავე ტექნიკურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ოპერაციულ სიძლიერესა და სტაბილურობას;
- ინტეგრირებული პარტნიორული გადაწყვეტილებები (Integrated Partner Solutions) - Mastercard-თან პირდაპირი თანამშრომლობა და ექსკლუზიური სარგებელი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.
NEP სტატუსის მისაღებად ფინტექ კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ Mastercard-ის უსაფრთხოების მოთხოვნები და შეესაბამებოდნენ კომპანიის წესებს.
ლიცენზირების პროცესის ფარგლებში, პარტნიორი გადის დეტალურ შეფასებას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც ენიჭება შესაბამისი სტატუსი.
NEP ლიცენზიის მიღებით, Flitt-მა მიიღო შესაძლებლობა:
- დამოუკიდებლად მართოს გადახდების პროცესი Mastercard-ის გლობალურ ქსელში;
- მოემსახუროს მაღალრისკიან მერჩანტებს და ეფექტურად მართოს რისკები;
- გააუმჯობესოს გადახდების სერვისის ხარისხი ინოვაციური და მოქნილი გადაწყვეტებით;
- აქტიურად ჩაერთოს Mastercard-ის ინოვაციურ პროგრამებსა და პროექტებში.
„NEP პროგრამაში გაწევრიანებით, ჩვენმა კომპანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოში უსაფრთხო ონლაინგადახდების გამარტივების მიმართულებით. სულ ახლახან მივიღეთ Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატიც და მიუხედავად იმისა, რომ Flitt ახალი ფინტექ კომპანიაა, ორივე შემთხვევაში ვართ პირველები საქართველოში,“- გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CEO.
Mastercard-ის NEP პროგრამის ლიცენზიით, Flitt კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარტივი და ინოვაციური პროდუქტების გარდა, ქმნის უსაფრთხო და სანდო ონლაინგადახდების გარემოს, როგორც მერჩანტებისთვის, ისე მათი მომხმარებლებისთვის.