როდის მიიღებს პირველ ვიზიტორს ახალი ზოოპარკი, ცნობილი სავარაუდოდ, შემოდგომაზე გახდება. როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ამჟამად დიდი ზომის მტაცებლებისთვის გარე ვოლიერების მშენებლობა მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, პროექტი მერიის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით და ზოოპარკის შემოსავლებით ხორციელდება.
"ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე დიდი მტაცებლებისთვის გარე ვოლიერების მშენებლობა დაიწყო. რაც დავიწყეთ მიმდინარე წელს დასრულდება, თუმცა ყველაფერი დაფინანსებაზე არის დამოკიდებული.
აღნიშნული მშენებლობისთვის ფინანსების გამოყოფა მერიის ბიუჯეტიდან მოხდა. ასევე, არსებული ზოოპარკის შემოსავლებიც ამ პროექტისთვის არის მიმართული. ნაწილ-ნაწილ ვაგრძელებთ მშენებლობას. მიმდინარე წელს ვოლიერების გარდა, დამცავი ბარიერების, ბილიკებისა და სხვა წვრილმანი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი", - აცხადებს ზურაბ გურიელიძე.
რაც შეეხება არსებულ ზოოპარკს - ახალი ზოოპარკის გახსნის შემდეგ არსებული გააგრძელებს თუ არა ფუნქციონირებას, ზურაბ გურიელიძისთვის უცნობია.
მისივე ინფორმაციით, ზოგადად, ზოოპარკის მიმართ ინტერესი გაზრდილია, თუმცა აქტივობა პირდაპირ ამინდზეა დამოკიდებული.
როგორც ცნობილია, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ გადაწყდა, რომ თბილისის ზოოპარკი ახალ ბინას თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიდებს და და მისი ფართობი 48 ჰექტარი იქნება. ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვისთვის დაახლოებით $50 მლნ არის საჭირო.