საქართველოში ავტოსადგურების რეფორმა კვლავ აქტიურად გრძელდება. უახლოეს მომავალში, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას, სავალდებულო გახდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ განუცხადა, ახალი რეგულაციები 2027 წლიდან ამოქმედდება.
„როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანისთვის, სავალდებულო გახდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და ეს მოთხოვნა უზრუნველყოფს მძღოლის სამუშაო და დასვენების რეჟიმების, ასევე გადაადგილების სიჩქარის კონტროლს. აღნიშნული მიდგომა ერთდროულად უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ასევე ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას“, - განმარტა ირაკლი იზორიამ.
არსებული ინფორმაციით, ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვა ეტაპობრივად მოხდება. მაგალითისთვის, თბილისი - ბათუმის ხაზზე, ტაქოგრაფის განთავსება 2027 წლის 1-ელი ივნისიდან იქნება სავალდებულო, სხვა ყველა დასახლებაში კი - 2027 წლის 1-ელი დეკემბრიდან. რაც შეეხება სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობებს, ისინი თბილისი – ბათუმის მიმართულებაზე 2027 წლის 1-ელი მარტიდან განთავსდება, სხვა დასახლებებში კი - ამავე წლის 1-ელი დეკემბრიდან.
ახალი რეგულაციით შეიცვალა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში მხოლოდ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მოთხოვნაც. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ 2027 წლიდან, 150 კილომეტრზე შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა სრულად აკრძალულიყო და მხოლოდ M3 კატეგორიის ავტომობილით მომხდარიყო. თუმცა, შემდგომ ეს მოთხოვნა შეიცვალა და ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას ექნება მგზავრთა გადაყვანის ნებართვა, თუ მომავალი წლიდან ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობებით აღიჭურვება.
ცნობისთვის, საქართველოში ავტოსადგურების რეფორმის სრულმასშტაბიანი ამოქმედებიდან უკვე 1 წელზე მეტია გასული. ავტოსადგურების რეფორმის ძირითადი ნაწილი ძალაში 2025 წლის 1 ივნისიდან შევიდა და აქ იგულისხმება ავტოსადგურების სერტიფიცირება, კლასიფიკაცია, სანებართვო სისტემის ამოქმედება და სხვა.