ამერიკულ გამოცემა New York Post-ში სტატია სათაურით „დაივიწყეთ საფრანგეთი, მსოფლიოს ამ გამორჩეული რეგიონების ღვინოები დაგემოვნებად ღირს“ დაიბეჭდა, სადაც ქართულ ღვინოზე და საქართველოზეც არის საუბარი.
სტატია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის ჩართულობით მომზადდა.
სტატიის ავტორი ალექსანდრა ოუენსი (Alexandra Owens), მკითხველს საქართველოში სტუმრობას და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს. სტატიაში საუბარია ქართული ღვინის 8 ათასწლიან ისტორიაზე, ჯიშების მრავალფეროვნებასა და „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებაზე. „შეიძლება აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით - ერთგვარ უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“ - აღნიშნავს ავტორი.
New York Post-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველდღიური გამოცემაა, რომელიც 1801 წელს დაარსდა და ამჟამად მილიონობით მკითხველი ჰყავს როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ გამოცემაში.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედია-კომპანიებთან, როგორებიცაა CNN, CBS, Netflix, „The New York Times”, „Wine Enthusiast“ და სხვა.