ბუნებრივი პარიკების მწარმოებელი კომპანია ,,პარიკების ოთახი“ ფართოვდება. ბუნებრივი თმისგან დამზადებული პარიკების შეძენა ძალიან მალე უკვე ბათუმშიც შეეძლებათ. როგორც ,,პარიკების ოთახის“ დამფუძნებელი გვანცა ინასარიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ახალი ფილიალის ბათუმში გახსნის გადაწყვეტილება მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს.
,,საწარმო დაახლოებით ერთი წლის წინ გავხსენით, მაგრამ უკვე ისეთი აქტიური მოთხოვნაა, რომ რეგიონებში გასვლა გადავწყვიტეთ. ვინაიდან ონლაინ გაყიდვებში დასავლეთი ლიდერობს, გადავწყვიტეთ ფილიალი ბათუმშიც გავხსნათ. ფაქტობრივად ყოველდღე გვიწევს შეკვეთების გაგზავნა ბათუმში, ინტერესი კი მუდმივად მზარდია. ძალიან მალე კი ადგილობრივ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე მოირგონ პარიკები და სასურველი მოდელი შეარჩიონ. განვიხილავთ როგორც მოლის სივრცეს, ასევე რომელიმე სალონურ დაწესებულებას, სადაც პარიკების განთავსება და მორგება მოხდება“, - აღნიშნა გვანცა ინასარიძემ.
მისი ინფორმაციით, პარალელურად იგეგმება ექსპორტზე გასვლაც, თუმცა მანამდე რეგიონებში პოზიციის გამყარებას და დამკვიდრებას შეეცდებიან.
,,აწარმოე საქართველოს“ პროექტებში ვიღებთ მონაწილეობას, რაც გვაძლევს საშუალებას, გამოფენების კუთხითაც გავაქტიურდეთ. დიდი მოთხოვნაა ემიგრანტებისგან, განსაკუთრებით იტალიიდან, ამიტომ სამომავლოდ ექსპორტის ხაზის დამატებას ვგეგმავთ. თუმცა ჯერჯერობით რეგიონებში გვინდა მყარად მოვიკიდოთ ფეხი და პოზიციები გავაძლიეროთ“, - აღნიშნავს ‘’ბიზნესპარტნიორთან“ ინასარიძე.
რაც შეეხება ფასს, მისი თქმით, ბუნებრივი თმით დამზადებული პარიკები საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, რომლის ღირებულებაც 350 ლარიდან 5000 ლარამდე მერყეობს.
ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულებას ,,პარიკების ოთახის“ დამფუძნებელი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.
ცნობისთვის, სოციალური საწარმო „პარიკების ოთახი“ 2022 წელს დაფუძნდა. საწარმო თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. ამ დრომდე, სხვადასხვა დონორის მიერ, „პარიკების ოთახში“ 100 ათასი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
მარი ჩიტაია