logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობები რჩება" - რატი კალანდარიშვილი

"გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობები რჩება" - რატი კალანდარიშვილი

1763060213

გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობები რჩება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში „თიბისი კაპიტალის“ გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა  რატი კალანდარიშვილმა  განაცხადა.

მან მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში - აშშ-ში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა.

„გლობალურად, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ პერიოდში, როდესაც მიზნობრივი ინფლაცია ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. ამას სხვადასხვა ფაქტორმა შეუწყო ხელი, ეს იქნებოდა სავაჭრო დაპირისპირებები, სხვადასხვა სავაჭრო ტარიფები და ა.შ. შესაბამისად, ორმხრივი წნეხის ქვეშ იმყოფება აშშ-ს ფედერალური რეზერვი და არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, თუმცა, ყველა საერთაშორისო ბანკი ელის, რომ მომავალი წლიდან საპროცენტო განაკვეთები განაგრძობს შემცირებას“ - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისივე განმარტებით, გლობალურ ეკონომიკაში, რომელზედაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აშშ-ს ეკონომიკა, ჯერ კიდევ სიცხადე არ არის ბევრი მიმართულებით.

„აშშ-მ ზოგიერთ ქვეყანასთან მიაღწია შეთანხმებას ტარიფებთან დაკავშირებით, ზოგიერთთან კი - ვერ, შესაბამისად, ეს გაურკვევლობები რჩება მსოფლიოში. თუმცა, ინვესტორებმა უკვე ისწავლეს ამ გაურკვევლობებთან ერთად ცხოვრება“, - განმარტა „თიბისი კაპიტალის“ გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა.

მან მაგალითად მიმდინარე წლის აპრილის თვეში განვითარებული მოვლენები დაასახელა.

„აპრილში, როცა დიდი მერყეობები იყო როგორც ობლიგაციების, ისე აქციების ბაზარზე, ამის შემდეგ, მაინც ძალიან პოზიტიური შედეგები აჩვენა ორივე აქტივის კლასმა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ აშშ-ს ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში,  „შათდაუნის“ გამო, შემცირდება, თუმცა ეს არ იქნება მკვეთრი ვარდნა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 43-დღიანი "შათდაუნი" დასრულებულია. ქვეყნის პრეზიდენტმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერა. წარმომადგენელთა პალატამ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის სადავო კანონპროექტი 222 ხმით 209-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის ექვსი დემოკრატი კონგრესმენი იყო. კანონის ძალაში შესვლა საჯარო პირების მასობრივ გათავისუფლებას დაუსვამს წერტილს და აღადგენს ფედერალური თანამშრომლებისთვის ხელფასების დროულად გაცემის შესაძლებლობას.

გამოგვყევით