„თუ მაგალითად, გლობალურ ბაზრებზე ინვესტორთა შეხედულებები ჯამურად, ბაზრების მიმართ ნეგატიურია, ეს ყველა ქვეყანაზე აისახება. თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველოს და ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ე.წ „აპეტიტი“ , თავად საქართველოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან უფრო მეტად გამომდინარეობს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერშიც Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსმა ვანო კიკვილაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ინვესტორებს ქართული კომპანიების და ეკონომიკის მიმართ დადებითი შეხედულებები აქვთ და მათი „აპეტიტი“ მაღალია. ვანო კიკვილაშვილმა ამის მაგალითად საქართველოს ბანკის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში, ლარში განთავსებული ევროობლიგაციები დაასახელა.
„ეს პირველ რიგში მითუთებს იმაზე, რომ საქართველოს ბანკი მათ თვალში მაღალი ხარისხის კომპანიაა და მეორე მხრივ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათი მოლოდინები საქართველოს ეკონომიკის მიმართ დადებითია. სხვა შემთხვევაში, ისინი ლარში ინვესტირებისგან თავს შეიკავებდნენ“, - აღნიშნა ვანო კიკვილაშვილმა.
მისივე განმარტებით, ყველაზე მთავარი ფაქტორი იმისთვის, რომ ინვესტორთა ინტერესი შენარჩუნდეს ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ, არის ბიზნესის შემოსავლიანობის, მომგებიანობის ზრდა და ასევე, ეკონომიკური ზრდა.
ვანო კიკვილაშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინებზეც ისაუბრა და თქვა, რომ წლის დასაწყისთან შედარებით, მოლოდინები გაუმჯობესებულია და თითქმის, ორნიშნასთან ახლოს არის.
„ქვეყნის ფისკალური დისციპლინა საკმაოდ მაღალია, ქვეყნის ვალი შემცირებულია, უცხოურ ვალუტაში უშუალოდ სახელმწიფოს ვალი ასევე შემცირებულია, რეზერვი ისტორიულად მაღალ დონეზეა, შესაბამისად, ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორები კარგად გამოიყურება. შესაბამისად, ამ ფაქტორებზე ვამახვილებთ ყურადღებას, როდესაც ინვესტორებს ვესაუბრებით“, - განმარტა Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსმა.