წლების განმავლობაში სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და წარმატებული მექანიზმი გახდა და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ამ კარგი თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართული საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-10 სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ქ. სტამბოლში გამართული სამმხრივი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგისა და სტრატეგიული თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ სამი სახელმწიფოს წარმომადგენლები, არამედ როგორც პარტნიორები, რომლებსაც გვაერთიანებს მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების საერთო ხედვა. წლების განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის,“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტი, რომლებმაც რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამმხრივი ფორმატი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და წარმატებულ მექანიზმად.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია სამმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პრიორიტეტები. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების გათვალისწინებას.“
მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხებს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს როგორც რეგიონის განვითარების, ისე უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან წინაპირობას.”
მისი თქმით, მხარეთა საერთო მიზანია სამხრეთ კავკასიის ჩამოყალიბება თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობისა და კეთილდღეობის სივრცედ, სადაც სახელმწიფოები სრულად გამოიყენებენ არსებულ პოტენციალს და კიდევ უფრო გააღრმავებენ საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ პარტნიორობას.
მაკა ბოჭორიშვილმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დინამიკა, ასევე თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო, თავის მხრივ, მზად არის, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.“
სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
„საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი თურქეთის რესპუბლიკას და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მტკიცე მხარდაჭერისათვის,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა რეგიონულ დაკავშირებადობაზე, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული მდებარეობა და არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დაკავშირების პროცესში.
„ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების როლის გასამტკიცებლად, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი სატრანზიტო, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებას, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი საიმედო ხიდის ფუნქციის შესრულებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფანზე, რომელიც დღეს საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად ყალიბდება,“ - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარებაზე, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე.
დასასრულს, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ მომდევნო, მე-11 მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს.