ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აგვისტოში ღია ბანკინგის საშუალებით გადახდის ინიცირების სერვისის გამოყენების აქტივობამ 690 000 შეადგინა. ეს კი 15%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
ღია ბანკინგის სერვისების გამოყენების ტრენდი განსაკუთრებით მიმდინარე წლის განმავლობაში იზრდება. რაც შეეხება კომპანიების რაოდენობას, ღია ბანკინგის რეესტრში ამ დროისთვის ათი არასაბანკო პროვაიდერია რეგისტრირებული. ოთხი მათგანი ბაზარს სწორედ მიმდინარე წელს შემოუერთდა.
როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღია ბანკინგის სერვისებით საკმაოდ მოწინავე პოზიციებზეა, ბაზარზე ჯერ კიდევ არის ზრდის და განვითარების დიდი პოტენციალი.
"ეტაპობრივად შემოვიდნენ ამ სექტორში არასაბანკო პროვაიდერები. წელს უფრო მეტად არის დაინტერესება არასაბანკო ინსტიტუტების მხრიდან, ვიდრე შარშან იყო. შარშან პროდუქტების გამოდგმა და გამოყენება დაიწყეს ბანკებმა. ნელ-ნელა შემოემატნენ ახალი მოთამაშეები და ეს დინამიკა იზრდება. "- აღნიშნა საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორმა, მიხეილ კაპანაძემ.
მისივე განმარტებით, ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩო იძლევა ზრდის და განვითარების შესაძლებლობებს.
"ჩამორჩენა ნამდვილად არ გვაქვს, კარგ პოზიციებზე ვართ, მაგრამ ეს მდგომარეობა არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. როცა შენი ამოცანაა, მოწინავე პოზიციებზე იყო, ეს პოზიციები ყოველთვის უნდა გაამყარო. არ არის აუცილებელი იყოს მაინცდამაინც ახალი სერვისები. კარგი იქნება, თუ ეს რიცხვები რაც გვაქვს უფრო მეტად გაიზრდება და არსებული სერვისები ახალი გამოყენების სცენარებით დაიტვირთება. "- აღნიშნა მიხეილ კაპანაძემ.