ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, "შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების ამოქმედებიდან ორი თვის შემდეგ, რეფორმამ შედეგი გამოიღო, ხოლო მისი მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, ამ დროისთვის სისტემაში 26 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეა რეგისტრირებული, რომელთა უმეტესობა საქართველოში თვითდასაქმებულია.
ამასთან, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლის ცნობით, ნულოვან კვოტებში დასაქმებული (საკურიერო მომსახურება, მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული საქმიანობა, გიდის მომსახურება) უცხოელების გამოვლენა და დაჯარიმება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა ნამდვილად შედგა, თუმცა მეორე მხრივ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, ეს ყველაფერი ცოცხალი პროცესია. ამჟამად, სისტემაში დარეგისტრირებული 26 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეა - მცირე დროა გასული და ეს პატარა ციფრი ნამდვილად არ გახლავთ. რეგისტრირებული ადამიანები საქართველოში რას აკეთებენ ვიცით, აქამდე ეს ინფორმაცია არ გვქონდა. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული პირების 95%-ი ჩვენი სისტემისთვის "ახალი ადამიანებია", უმეტესწილად თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები გახლავთ. ამასთან, საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის დასაქმების პროცედურები გამარტივდა. წლის ბოლოსთვის, რაღაც სურათი გვექნება და ტენდენციები უფრო ხილული გახდება", - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.
ცნობისთვის, "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში შესული ახალი ცვლილებები 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. რეგულაციის მთავარი მიზანი საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისა და ბიზნესსაქმიანობის მკაცრი კონტროლია. ამ რეფორმით, სახელმწიფო აწესებს სავალდებულო ფასიან ნებართვებს და არეგულირებს ადგილობრივ ბაზარზე უცხოელი მუშახელის ნაკადს.