თბილისში, ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის (ECPGR) მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრა გაიხსნა. საქართველო პირველად მასპინძლობს ECPGR-ის უმაღლესი მმართველი ორგანოს შეხვედრას, რომელიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით ევროპული თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს.
საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მასპინძლობს. შეხვედრაში ევროპის 34 ქვეყნის ეროვნული კოორდინატორი, გენბანკების, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა გახსნა.
„მცენარეთა გენეტიკური რესურსები სასურსათო უსაფრთხოების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველია. დღევანდელი გამოწვევების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამშრომლობა, ცოდნის გაზიარება და ერთობლივი ძალისხმევა ამ რესურსების შენარჩუნებისა და ეფექტიანი გამოყენებისთვის. მოხარული ვართ, რომ საქართველო მასპინძლობს ECPGR-ის მმართველი საბჭოს შეხვედრას და აქტიურად არის ჩართული ამ მნიშვნელოვანი პროცესის განვითარებაში”, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით.
„საქართველო მსოფლიოში აგრობიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა და მრავალი კულტურული მცენარის როგორც წარმოშობის კერა, ასევე უნიკალურ გენეტიკურ რესურსებს ინახავს. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, როგორც ეროვნული გენოფონდის დაცვის, ისე თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების დანერგვისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების მასპინძლობა ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალისა და საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი დასტურია”, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
საქართველო ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR) წევრია 2019 წლიდან და აქტიურად მონაწილეობს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო ინიციატივებში.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ECPGR-ის მიმდინარე პროგრამული ფაზის შედეგებს, ევროპული გენბანკების ქსელის განვითარების საკითხებს, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის თანამედროვე მიდგომებსა და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ვიზიტს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე, სადაც დელეგატები ქართული ვაზის, ხეხილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების უნიკალურ კოლექციებს გაეცნობიან.
ECPGR-ის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრა საქართველოში 1-4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.