ტურიზმის შესახებ კანონი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვითაც ტუროპერატორი, რომელიც საქართველოს გარეთ ტურისტულ მომსახურებებს სთავაზობს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, და ეს არ უნდა იყოს 30 000 ლარზე ნაკლები.
როგორც საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელმა, დიმიტრი ჩიკვაიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, კანონი, რომლის მეორე მოსმენით მიღება მოხდა, ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერია. შესაბამისად, ამ კანონის ფარგლებში, ბიზნესებს ოპერირება გაურთულდებათ.
მისივე განმარტებით, კანონში ტერმინები სწორად არ არის განმარტებული, ასევე არ ხდება ზუსტი დეფინიციის განსაზღვრა, თუ ვინ არიან მაგალითად, ტუროპერატორები, ტურისტული სააგენტოები და ა.შ.
"ტერმინების ზუსტი განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტუროპერატორი არის იურიდიული კომპანია, რომელიც ჩარტერულ რეისს ქირაობს და კონკრეტული მიმართულებით რეისს ასრულებს. ავიაკომპანია თუ თანხას არ გადაიხდის, რეისი არ შესრულდება და მგზავრები შესაძლებელია ქვეყნის გარეთ ჩარჩნენ.
ტურისტული კომპანია კი, რომელიც ნებისმიერი ავიაკომპანიის რეისს ყიდის, სადაც მათი მოგება არის მიზერული, ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ავიაკომპანიის გაუქმებულ რეისებზე, რომელთანაც კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ტუროპერატორი ვალდებულია ფინანსური გარანტიები ჰქონდეს განთავსებული, რომ მომხმარებელი ქვეყნის გარეთ არ დარჩეს და მათი რეპატრიაცია მოხდეს,"- აცხადებს ჩიკვაიძე.
მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში გამყვანი ტურიზმი ძალიან კარგად არის მოწესრიგებული. იქ სადაზღვევო პროდუქტი, პასუხისმგებლობის დაზღვევა არსებობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ამ პრაქტიკის მისაღებად არცერთი კომპანია მზად არ არის.
ჩიკვაიძის ცნობით, როგორც არაკეთილსინდისიერი კომპანიები, ასევე არაკეთილსინდისიერი მომხმარებლები არსებობენ, რომლებმაც შეიძლება შეთავაზებული ტურის შესაბამისად დაისვენონ, თუმცა შემდეგ ტურიზმის ადმინისტრაციაში უკმაყოფილება გამოხატონ. ბიზნესს კი ბერკეტი არ აქვს, რომ სიმართლე დაამტკიცოს.
აღსანიშნავია, რომ ასოციაცია და ტურიზმის ალიანსი კანონპროექტზე მუშაობისას არაერთ რეკომენდაციას გასცემდა, მაგრამ ჩიკვაიძის ცნობით, არცერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული.