საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსულმა უხვმა, ხანგრძლივმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ ფუტკრის ოჯახებისთვის განსაკუთრებით სტრესული გარემო შექმნა, რამაც გარკვეულწილად მათი იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვია. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევებით, ინფექციური დაავადებები, კერძოდ, ამერიკული და ევროპული სიდამპლე არ დადასტურებულა.
არსებული მდგომარეობის მართვისა და ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეებს მოუწოდებს, განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები:
- სკების სათანადო ვენტილაცია და თბოიზოლაციის გაუმჯობესება, განსაკუთრებით სუსტი ოჯახებისთვის, რათა სკაში, ბარტყის ზონაში შემცირდეს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა;
- სკების გამოშრობა და, საჭიროების შემთხვევაში, თერმული დამუშავება;
- ნოტიო და დაჩრდილული ადგილებიდან საფუტკრეების ხელსაყრელ გარემოში გადატანა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება;
- სკების განთავსება მიწის ზედაპირიდან არანაკლებ 25–50 სმ სიმაღლეზე;
- სუსტი ოჯახებიდან ზედმეტი ცარიელი ჩარჩოების ამოღება;
- ფუტკრის დედის ჩანაცვლება ახალგაზრდა და პროდუქტიული დედით;
- საკვები მარაგის და წყლის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
- ფუტკრის ოჯახების დროული და სისტემატური დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგოდ.
გაზაფხულის რთული კლიმატური პირობებით შექმნილი საკვების დეფიციტის გამო, რაც უარყოფითად მოქმედებს ფუტკრის შემდგომ განვითარებაზე, საჭიროა ფუტკრის ოჯახის უზრუნველყოფა დამატებითი ცილოვანი და ნახშირწყლოვანი საკვებით, ხოლო ფუტკრის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად რეკომენდებულია ბიოლოგიური პრეპარატების, მათ შორის, პრობიოტიკების გამოყენება.
სისტემატურად აკონტროლეთ ფუტკრის ოჯახები და ნებისმიერი დაავადების ან დაინვაზირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს.